“ძირიანი დღევანდელი თბილისური ახალგაზრდული ანსამბლებისგან გამორჩეული ჯგუფია. იგი ერთადერთია, რომელიც წარმოშობით რაჭველებით არის დაკომპლექტებული. ქართულ საანსამბლო რეალობაში, ასევე, იშვიათია ძირიანისმაგვარი შერეული შემადგენლობაც, რომელიც ვაჟებსა და გოგონებს აერთიანებს.
თავისი შემოქმედებითი საქმიანობით ძირიანი ნამდვილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ტიპის ანსამბლია: ხალხური მუსიკის ნიმუშებს იგი ისევე წარმოაჩენს, როგორც ბუნებრივ საარსებო გარემოში, ტრადიციულ სოფლურ ყოფაში გვხვდება: საფერხულო სიმღერას ფერხული ახლავს, საცეკვაოს _ ცეკვა, საკრავიერი ნიმუში საკრავით არის თანხლებული. მუსიკალურ და სანახაობით მხარეებთან ერთად ძირიანის შესრულებაში დაცულია ვერბალურიც _ რაჭული სამეტყველო დიალექტის თავისებურებანი.
ანსამბლის სპეციფიკური რაჭული შემადგენლობა ემსახურება მივიწყების გზაზე მდგარი რაჭული სამუსიკო ტრადიციების გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას. ძირიანის მაგალითზე აშკარაა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმეში კუთხურ წარმომავლობას. მღერის რაჭულ მანერას ამავე დროს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ნაღდი სოფლური კოლორიტი, უშუალობა და გულწრფელობა _ თვისებები, რომლებიც თბილისურ სასცენო შემსრულებლობას ასე აკლია და რომელთა გამოც ძირიანის თითოეული გამოსვლა ნამდვილი სიხარულია მსმენელისთვის.
ფორმალური არც საკრავებზე შემსრულებლობაა: რაჭული ყოფისთვის ძველთაგან ტრადიციული ჭიანურით, სტვირით, დაირით და გვიან შეთვისებული გარმონით თანხლებული სიმღერები თუ მათზე აჟღერებული საკრავიერი ჰანგები ძირიანის შესრულებით ხალხურისთვის დამახასიათებელი იშვიათი სისადავითა და ბუნებრიობით გამოირჩევა.
ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და წარმმართველი კი ანსამბლის ხელმძღვანელი, თორნიკე სხიერელია _ მშობლიური კუთხის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ტრადიციების ცოცხალი მატარებელი, ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც თანაბრად კარგად მღერის, ცეკვავს, უკრავს; რომელმაც პირველივე სასცენო გამოსვლით დაამახსოვრა და შეაყვარა თავი ქართული ფოლკლორის გულშემატკივრებს.
ჯგუფის რეპერტუარი ეფუძნება როგორც ძველ საარქივო ჩანაწერებს, ისე ხელმძღვანელის მიერ ფოლკლორისტულ ექსპედიციებში მოპოვებულ ახალ მასალებს. 2011 წელს დაარსებულმა ანსამბლმა თავისი საქმიანობით უკვე საინტერესო სიტყვა თქვა _ მშობლიური კუთხის მუსიკალური ყოფის ამსახველი მრავალი ნიმუში გააცოცხლა. თორნიკეს მსგავსი, საკუთარი საქმის უშურველად, უანგაროდ მკეთებელი ახალგაზრდები და ძირიანის ტიპის ჯგუფები საქართველოს ყველა კუთხეს მინდა ვუსურვო.”

ნატალია ზუმბაძე
ეთნომუსიკოლოგი,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი


ჯგუფის ხელმძღვანელი

თორნიკე სხიერელი

თორნიკე სხიერელი 2011 წლიდან ხელმძღვანელობს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ჯგუფ  ,,ძირიანს“. წლების განმავლობაში მუშაობდა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ სფეროში სხვადასხვა თანამდებობებზე  და დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ფოლკლორულ ანსამბლებთან. 2013 წელს ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისა და ფოლკლორის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლის ხელმძღვანელი პრეზიდენტისგან დაჯილდოვდა   მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“. თორნიკე აქტიურად მონაწილეობს  ეროვნულ და საერთაშორისო ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციებზე, ფესტივალებსა თუ კონცერტებზე. ჯგუფი „ძირიანის“ პარალელურად, თორნიკე არის სტუდია „მომავლის ხმების“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი,  ანსამბლ  „სახიობას“ წევრი, ფოლკლორის ეროვნული სკოლის პედაგოგი და წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის მგალობელ-მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი. ქართველი და უცხოელი ეთნომოყვარულებისთვის თორნიკე სხიერელი  აქტიურად ატარებს მასტერკლასებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

1989 წ. (მეორე ხმა, ლოტბარი)


ჯგუფის წევრები

თამარ სხიერელი

1989 წ. (პირველი ხმა)

იური ბეშიძე

1994 წ. (პირველი ხმა)

გვანცა მეტრეველი

1990 წ. (მეორე ხმა)

ლაშა სვანი

1984 წ. (ბანი)

ანა ბაკურაძე

1987 წ. (პირველი ხმა)

ირაკლი კერესელიძე

1981 წ. (პირველი ხმა)

ნიკოლოზ გაგნიძე

1996 წ. (მეორე ხმა/ბანი)

ტარიელ ხუციშვილი

1985 წ. (მეორე ხმა)

ზაზა სულთანიშვილი

1987 წ. (ბანი)

მაცაცო ბლიაძე

1982 წ. (ბანი)

გივი ხვედელიანი

1987 წ. (ბანი)